წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ფინანსური პროდუქტის, მაგალითად მანქანის ლომბარდის, სრული ღირებულება, რომელიც ერთიან წლიურ მაჩვენებელშია გამოსახული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი საზომი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეაფასოს და შეადაროს სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული პირობები და დაადგინოს რომელი მათგანია მისთვის ყველაზე ხელსაყრელი.
ამ განმარტებიდან გამომდინარე, საკითხის სიღრმისეულად გასაგებად, აუცილებელია ეფექტური განაკვეთის გამიჯვნა ნომინალურისგან.
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელია, რომელიც არ ითვალისწინებს პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს (მაგალითად, გაცემის, დაზღვევის ან განაღდების საკომისიოს).
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი სესხის სრული ღირებულებაა. ის აერთიანებს როგორც ნომინალურ პროცენტს, ისე ყველა დამატებით ხარჯს და სწორედ ამიტომ უფრო რეალურ სურათს აჩვენებს.
საკითხის უკეთ გასაგებად განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ არჩევანი უნდა გააკეთო ორ ოქროს ლომბარდს შორის:
პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ოქროს ლომბარდი 20%-იანი ნომინალური განაკვეთითაა შემოთავაზებული. თუმცა, სესხს თან ახლავს დამატებითი ხარჯები (გაცემის, დაზღვევის საკომისიოები), რომლებიც საბოლოოდ სესხს აძვირებს. ამ ყველა ხარჯის გათვალისწინებით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, პირობითად, 25%-ს შეადგენს.
მეორე ორგანიზაციის პირობებით, სესხის ნომინალური განაკვეთი 22%-ია, ანუ პირველზე 2%-ით მეტი. თუმცა, ამ შეთავაზებას არ გააჩნია არანაირი დამატებითი საკომისიო. შესაბამისად, მისი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 22%-ის ტოლია.
როგორც ხედავთ, პირველი შეთავაზება დაბალი პროცენტით (20%) უფრო მიმზიდველი ჩანდა, რეალურად კი უფრო ძვირი (ეფექტური 25%) აღმოჩნდა, რადგან ის ე.წ. ფარულ ხარჯებსაც მოიცავს. მეორე შეთავაზება კი, მიუხედავად მაღალი ნომინალური პროცენტისა (22%), საკომისიოების არ არსებობის გამო, უფრო მომგებიანია.
ამრიგად, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი სესხთან დაკავშირებული ხარჯების მხოლოდ ერთი ნაწილია, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი სრულ სურათს გვაჩვენებს — ხარჯებს, რომლებიც ნომინალურ პროცენტსაც მოიცავს და დამატებით საკომისიოებსაც.
ლოგიკურია იკითხო, რა კონკრეტული ხარჯები ქმნის ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის ამ სხვაობას? ამ საკითხს შემდეგ ქვეთავში განვიხილავთ.
ეფექტური განაკვეთის სიდიდეს განსაზღვრავს კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც ფინანსური პროდუქტის სრულ ღირებულებას აყალიბებს. ეს კომპონენტები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად, ესენია:
ერთჯერადი — ეს არის ის ხარჯები, რომლებსაც მსესხებელი აღების მომენტში იხდის. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სესხის გაცემის/დამტკიცების და თანხის განაღდების საკომისიოები.
პერიოდული — ამ შემთხვევაში იგულისმება რეგულარული, ყოველთვიური გადასახადები, მაგალითად სესხზე დარიცხული პროცენტი.
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ რთულად, მრავალცვლადიანი ფორმულით გამოითვლება, თუმცა თქვენ ამის ცოდნა და გამოყენება არ გჭირდებათ. მთავარია იცოდეთ რას ნიშნავს და მოიცავს საბოლოოდ მიღებული წლიური ეფექტური განაკვეთი, რადგან სწორედ ეს მაჩვენებელი გაძლევთ საშუალებას, ობიექტურად შეაფასოთ სესხის რეალური ღირებულება და შეადაროთ ის სხვა შეთავაზებებს.
თუ გინდა უფრო მეტი გაიგო, წაიკითხე ბლოგი ფინანსური ტერმინების შესახებ.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხვადასხვა შეთავაზების შეფასებისას, მთავარია, შედარდეს არა ნომინალური, არამედ ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ გუნდი მზად არის, გაგიწიოს დეტალური კონსულტაცია და დაგეხმაროთ შეთავაზებული პირობების სიღრმისეულად გააზრებაში.